ინტერნეტის ისტორია

პირველ რიგში დავამსხვრიოთ გავრცელებული სტერეოტიპები: ინტერნეტი არ არის ვები, ინტერნეტი არ არის ქლაუდი, ინტერნეტი არ არის ჯადოქრობა!

ძალიან ბევრ ადამიანს სხვა და სხვანაირი და ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვს იმაზე თუ რა არის ინტერნეტი. სინამდვილეში კი ინტერნეტი არის ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერების ქსელი და მეტი არაფრი. უბრალოდ ძალიან ბევრი კაბელების შეერთებითა და გადაერთებით, ბევრ კომპიუტერსა თუ ქსელურ მოწყობილობაში შეერთებით მიღებული ქსელია. დიახ, კაბელების ქსელია და მეტი არაფერი.

ამ კაბელებით ინფორმაციის მიმოცვლას კი რაღაც სტანდარტები და წინასწარი შეთანხმება სჭირდება, ერთგვარი ანბანი იმისთვის რომ კაბელის ერთ მხარეს მყოფი კომპიუტერიდან გაგზავნილი ინფორმაცია სწორად იყოს აღქმული კაბელის მეორე მხარეს მყოფი კომპიუტერისთვის. ასეთ სტანდარტებსა და შეთანხმებებს პროტოკოლები ჰქვია.

ინტერნეტი კაცობრიობის ისტორიაში შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია. ის დღეს ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა თითქმის არასოდეს ვფიქრობთ თუ რატომ და როგორ შეიქმნა ინტერნეტი. ახალ თაობებს ინტერნეტი უბრალო მოცემულობად მიაჩნიათ და ვერც კი წარმოუდგენიათ დრო და სამყარო სადაც ინტერნეტი არ არსებობდა.

სინამდვილეში კი ალბათ ყველა გამოგონების უკან რაღაც პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრი და ის გამომგონებელი ან გამომგონებელთა ჯგუფი დგას რომლებიც ამ პრობლემას შეეჯახნენ და გადაწყვეტა სცადეს.

დაახლოებით 40 წელიწადი დასჭირდა ინტენტერნეტის შექმნას და ის დღემდე ვითარდება. მისი ფესვები კი ARPANET - იდან იწყება.

Sputnik - ით შეშინებულნი

ყველაფერი დაიწყო პრობლემით.

1957 წლის 4 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირიდან, კოსმოსში გაუშვეს პირველი ხელოვნური თანამგზავრი სახელად Sputnik - ი.

ის არა მხოლოდ პირველი ხელოვნური თანამგზავრი იყო არამედ ეჭვს აჩენდა რომ საბჭოთა კავშირი უფრო წინ იყო ტექნოლოგიურად ვიდრე ამერიკა. ამერიკელებისთვის კი ეს უბრალოდ პრობლემა კი არა დიდი საშიშროება იყო რადგან ფიქრობდნენ რომ მსგავსად განვითარებული ტექნოლგიებით შესაძლებელი იქნებოდა უკეთესი თვალთვალი და ცივი ომის ბედის არასახარბიელოდ გადაწყვეტა.

ამ დროს ამერიკაში გადაწყვიტეს რომ მეტი დრო და ენერგია უნდა ჩაედოთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში და 1958 წელს ამერიკის ადმინისტრაციამ დააფინანსა რამოდენიმე სააგენტო ამ მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთი იყო ARPA - Advanced Research Project Agency - ეს იყო თავდაცვის დეპარტამენტის პროექტი რომლის მიზანიც იყო ინფომრაციის, აღმოჩენების, კვლევების შედეგების გაზიარება და უკეთესი კომუნიკაცია.

J.C.R. Licklider იყო ARPA - ს ერთ-ერთი დირექტორი რომლის ხედვებმა და იდეება შემდგომ წლებში ჰპოვეს განვითარება.

ARPA - ს გარეშე ინტერნეტი არ იარსებებდა, სწორედ აქ შეიქმნა პირველი ქსელი სახელად ARPANET.

გლობალური კომპიუტერული ქსელის შექმნა

მართლია Licklider - მა მანამდე დატოვა ARPA სანამ ARPANET შეიქმნებოდა თუმცა მისმა იდეებმა და ხედვამ საფუძველი დაუდო ინტერნეტის შექმნას.

დღევანდელთან შედარებით მაშინდელი კომპიუტერები ძალიან სუსტები, მასიურები და ძალიან ძვირადღირებულები იყვნენ. მათ ისე უყურებდნენ როგორც მხოლოდ გამომთვლელ მანქანებს და მათი შესაძლებლობები ძალიან ლიმიტირებული იყო. იმისთვის რომ კომპლექსურ პრობლემებზე გემუშავა ხშირად რამოდენიმე კომპიუტერის სიმძლავრე გჭირდებოდა, რაც მაშინდელი პერიოდისთვის დიდი პრობლემა იყო რადგან კომპიუტერებს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ და ერთმანეთთან კომუნიკაცია არ იცოდნენ. ამიტომ რთული პრობლემის გადასაჭრელად დამატებით ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის ყიდვა იყო საჭირო.

ამ პრობლემის გადაწყვეტა კი სხვადასხვა კომპიუტერების ერთმანეთთან დაკავშირებაში იყო.

შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ კომპიუტერების ერთმანეთთან დაკავშირება არც მაშინ იყო ახალი ხილი, მსგავსი ქსელები არსებობდა 1950 - იან წლებშიც კი და მათ WAN - ებს ეძახდნენ (Wide Area Networks).

მაგრამ ამ ქსელების პრობლემა ის იყო რომ მასში ჩართული კომპიუტერები ერთსა და იმავე ენაზე არ საუბრობდნენ და შესაბამისად კომუნიკაცია ძალიან ლიმიტირებული იყო.

საკომუნიკაციო ენის ბარიერის გადალახვა იყო ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ინტერნეტის შექმნისკენ.

განაწილებული პაკეტების ქსელის შექმნა

1960 - იან წლებამდე კომპიუტერებს შორის ინფორმაციის მიმოცვლისთვის იყენებდნენ სატელეფონო ხაზებს და "წრედის გადართვის/Circuit switching" ტექნიკას.

ეს მეთოდი მუშაობდა მაგრამ არასტაბილური და არაეფექტური იყო. ამ მეთოდის გამოყენებით მთელი ინფორმაცია უნდა გაგეგზავნა ერთ ნაკადად და ხშირი იყო წყვეტები რომლის შემთხვევაშიც მთელი ნაკადის ახლიდან დაწყება იყო საჭირო.

მსგავსი კომუნიკაციის მექანიზმის არსებობა ცივი ომის პერიოდში დამატებით უსაფრთხოების პრობლემასაც ქმნიდა, თუ სატელეფონო ქსელზე მოხდებოდა რაიმე შეტევა, მაშინ კომუნიკაციის არხი მთლიანად იკარგებოდა.

ამ პრობლემებზე პასუხი კი "პაკეტების გადართვის" მეთოდი აღმოჩნდა. ამ მეთოდით ინფორმაციას ვაგზავნით პატარ პაკეტებად და არა ერთ დიდ ნაკადად.

პაკეტები დამატებით კიდევ იყოფა ბლოკებად და საბოლოოდ იგზავნება პატა-პატარა, ბლოკებად დახლეჩილი ინფორმაცია. ამ ტექნიკის უპირატესობა ის არის რომ თითოეული პაკეტი შეიცავს ინფორმაციას გამომგზავნის და მიმღების შესახებ. პაკეტები ასევე გადანომრილია რაც საშუალებას იძლევა რომ დახლეჩილი პაკეტები მეორე მხარეს მიღების შემდეგ ნომრების თანმიმდევრობით შეკრა და სრული ინფორმაცია ააწყო.

მსგავსი არქიტექტურის მქონე ქსელის აწყობა წარმატებული აღმოჩნდა და ის ARPANET - ში აითვისეს.

როგორ შეიქმნა ARPANET?

ცივი ომის პასუხად დაწყებული პროექტი რაღაც სხვად იქცა. ინტერნეტის პირველი პროტოტიპი ნელ-ნელა იღებდა სახეს და პირველი კომპიუტერული ქსელი იქმნებოდა. მიზანი არა მხოლოდ ინფორმაციის გაზიარება არამედ მოშორებით მყოფი კომპიუტერების სიმძლავრის გამოყენება იყო.

ამ დრომდე მეცნიერები ვერ იყენებდნენ ისეთი კომპიუტერებს რესურსებს რომლებიც მათთან ახლო ლოკაციაზე არ იყო თუმცა მსგავსი ქსელის გაჩენამ ეს შესაძლებელი გახადა.

თუმცა პრობლემად რჩებოდა ფაქტი რომ კომპიუტერები თუ ერთ ენაზე არ ისაუბრებდნენ, მათი კომუნიკაცია არც იმდენად ეფექტური იქნებოდა.

თავიდან ქსელში ჩართული იყო სულ 4 კომპიუტერი სხვა და სხვა უნივერსიტეტებიდან.

1973 წლისთვის ინგლისსა და ნორვეგიაში არსებული კომპიუტერების ქსელში ჩართვაც მოხერხდა.

ქსელის ზრდასთან ერთად ახალი კულტურა გაჩნდა და სწრაფად იზრდებოდა. კულტურა ინფორმაციის და ცოდნის გაზიარებისა და ღია კოლაბორაციისა. მსგავსი კულტურის აღმოცენებამ გააჩინა ახალი შესაძლებლობები და არსებულ პრობლემებზე მაქსიმალურად ეფექტური გადაწყვეტების მოფიქრება გახდა შესაძლებელი.

ამ კულტურის ერთგვარი პირმშოა დღევანდელი სოც.მედია ქსელები, ფორუმები თუ სხვა ტიპის პორტალები სადაც ადამიანები ვსვამთ კითხვებს და ვიღებთ პასუხებს იგივე სისტემაში/ქსელში ჩართული სხვა ადამიანებისგან.

რაც დრო გადიოდა, სხვა და სხვა ტიპის "პაკეტების გადართვის" ქსელური ტექნოლოგიები ჩნდებოდა, თუმცა პრობლემა ისევ ერთ ენაზე საუბრის შესაძლებლობა იყო.

ARPANET - ი მუშაობდა თუმცა მისი ქსელის გარეთ არსებულ კომპიუტერებთან ინფორმაციის მიმოცვლა პრობლემა იყო რადგან გარე სამყარო სხვა ენაზე საუბრობდა.

TCP/IP

Vint Cerf და Bob Khan იყვნენ ადამიანები ვინც დაიწყეს მუშაობა ქსელის ისეთ დიზაინზე რომელსაც დღეს ინტერნეტს ვეძახით.

TCP (Transmission Control Protocol) - ის საქმე კი ასეთი იყო: გაგზავნილი ინფორმაცია დაეხლიჩა პაკეტებად, ექცია ნაკადად და გაეგზავნა ხოლო მეორე მხარეს მიღებული პაკეტების ნაკადი აეწყო ისე რომ მიღებული ინფორმაცია ყოფილიყო გაგზავნილის იდენტური.

IP (Internet Protocol) - ის საქმე კი არსებულ ქსელში იმ ერთი სამიზნე კომპიუტერის მოძებნაა რომელთანაც იგზავნება ინფორმაცია.

ასე გაჩნდა უნივერსალური სტანდარტი/ენა/ტექნიკა რომლითაც ქსელში ჩართულ კომპიუტერებს შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი. მართალია TCP/IP ტექნოლოგია მხოლოდ მესიჯების გაგზავნისა და მიღების ტექნოლოგიაა თუმცა ის არის ხერხემალი ვების. იმ ვების რომელიც შემდგომ უკვე 80 - იანებში Tim Bernerse-Lee - იმ წამოიწყო.

უფრო ვრცლად ინტერნეტის მუშაობის პრინციპებზე უყურეთ ლექციას:

Last updated